აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციას მმართველ პარტიაში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ყველა რესურსი ამოწურა და დესტრუქციულ ქმედებებზე გადავიდა
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციას მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ ამოწურა ყველა რესურსი, რაც პროტესტისთვის მოსახლეობის მობილიზაციას გულისხმობს და გადავიდა დესტრუქციულ ქმედებებზე, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ტიტე აროშიძის განცხადებით, უკრაინიდან ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ იგეგმება.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მთავრობის სახლთან ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე აქცია გადაიქცა ანტისანიტარიის კერად, სადაც პანდემიის პირობებში საერთოდ არ არის დაცული მინიმალური რეკომენდაციები.
„აჭარის მთავრობის სახლთან რამოდენიმე კვირაა უკვე მიმდინარეობს ე.წ. ოპოზიციის მცირერიცხოვანი აქცია, სადაც არის განთავსებული კარვები, ანთია კოცონი, არის ანტისანიტარია, ჩახერგილია გზები და რაც ყველაზე მთავარია, არ არის დაცული არანაირი რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების რისკს კიდევ უფრო ზრდის. ამასთან, ყოველდრიურად არის მცდელობა ისევ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან მოახდინონ დესტრუქცია, შევიდნენ კონფლიქტში, როგორც მთავრობის დაცვის წევრებთან, ასევე პოლიციასთნ და ამით მოახდინონ ტემპერატურის აწევა, რაც მათი ბოლო მცდელობაა, გამომდინარე იქედან, რომ ვერ ახერხებენ ამ ხნის განმავლობაში ვერანაირი აქციებით ვერც ხალხის მობილიზებას და ვერც ტემპერატურის აწევას. დღეიდან ისინი გადავიდნენ ახალ სცენარზე, რომელიც არის გასტროლიორის სცენარისტის მოფიქრებული და ყველანაირ დესტრუქციას ახორციელებენ, რითაც ცდილობენ, რომ მიიქციონ მოსახლეობის ყურადღება“, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.
ტიტე აროშიძე ამბობს, რომ დღეს აქციის მონაწილეები კონფლიქტში შევიდნენ აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებთან და სამართალდამცველებთან, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერები, კი მისი განცხადებით, მხოლოდ თვალს ადევნებენ მიმდინარე პროცესებს და ცდილობენ, ხალხის მოთხოვნები მათ სასარგებლოდ გამოიყენონ. აროშიძემ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებს.
„მთავრობის თავმჯდომარე ყოველდღიურ რეჯიმში ისევე, როგორც მთავრობის წევრები, ხვდება ყოველდღიურად მოსახლეობას და შესაბამისად, პრობლემა არ აქვს მოსახლეობასთან შეხვედრის. მოსახლეობის პრობლემას მიხედავს აჭარის მთავრობა. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ის სცენარისტები, რომლებიც უწერენ სცენარს და მთავარი გასტროლიორი სცენარისტი უკრაინიდან კარნახობს ბოლო სტრიქონებს, რაც უნდა განახორციელონ. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, ასევე აქციის მონაწილეებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე. კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას ექნება შესაბამისი რეაგირება. შსს-ს თითოეული თანამშრომელი იცავს უსაფრთხოებას. აგრძელებენ მუშაობას და აარიდებენ ქალაქს იმ უსიამოვნებას და დესტრუქციას რის განხორციელებასაც აპირებს დღეს არსებული ოპოზიცია“, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.