აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს, ერთის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო

ბათუმში აჭარის მთავრობის შენობის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ერთის მიმართ კი მიმდინარეობს სამართალწარმოება, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა.

ანანიაშვილმა ასევე დაადასტურა, რომ დაკავებულია ირაკლი ჩხვირკია, რომელიც 2018 წლის მარტში ბათუმში მომხდარი არეულობის გამო იყო დაკავებული.

„დაპირისპირება დაიწყო იმით, რომ აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობას მიამაგრეს ბურთები, მთავრობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა კი, რომლებსაც ევალებათ შენობის უსაფრთხოება, ბურთები ჩამოხსნეს. დაკავებულია ერთი პირი, ერთის მიმართ კი მიმდინარეობს საქმის წარმოება. დაშავებულები ამ ეტაპზე არ არიან“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

დაკავება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით განხორციელდა.