აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა
აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა

აჭარის მთავრობის სახლთან მოიჯარეებმა, რომლებიც ზღვაზე შეზლონგებს აქირავებენ, აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან საქმიანობის ნებართვის გაცემა, ასევე პანდემიასთან დაკავშირებით გარკვეულ შეღავათების დაწესება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები მთავრობას მიმართავენ, სანაპიროზე საქმიანობისთვის სექტორები იჯარით გაიცეს არა აუქციონის, არამედ პირდაპირი გადაცემის გზით.

„იჯარის ხელშეკრულების ვადა გავიდა, ახლა ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, გაგვიგრძელოს ხელშეკრულებები. ჩვენ სხვა შემოსავალი არ გვაქვს, თანაც არ ვამბობთ უარს გადასახადებზე. პანდემიასთან დაკავშირებით მცირედით გაგვიწიონ შეღავათები და პირდაპირ გადმოგვცენ იჯარით სექტორები, რათა აუქციონმა არ გამოიწვიოს გადასახადების გაზრდა, თან სხვა მეწარმეებისთვის ბულვარში დაიშვა გარკვეული პრეცენდენტები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ბექა გუგუნავამ.

აქციის მონაწილეების აქციას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ელექტრონულ აუქციონებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

„მიმდინარეობს აუქციონის პირობების მორგება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან, რის შემდეგაც გამოცხადდება ელექტრონული აუქციონები“, – განაცხადეს ბულვარის ადმინისტრაციაში.