აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონში ბაზრობები დროებით დაიხურება
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონში ბაზრობები დროებით დაიხურება

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონში ბაზრობები დროებით იხურება.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დაგეგმილ ღონისძიებებზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო და სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს.

ფუტკარაძის განმარტებით, პირველ აპრილამდე ე.წ. ხოფის ბაზრობის ყველა მოიჯარე გათავისუფლდება საიჯარო გადასახადისგან.

„აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ვირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველსაყოფად ხოფის ბაზარზე მომუშავე ობიექტებს პირველ აპრილამდე შეუჩერდეს საქმიანობა. შეზღუდვა არ შეეხება სააფთიაქო და სასურსათო სექტორის წარმომადგენლებს. აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბაზრო და სავაჭრო ლოკაციაზე. საქმიანობის შეჩერების განმავლობაში ყველა ეს ობიექტი გათავისუფლდება იჯარის გადასახადისგან“,- განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, იჯარის გადასახადი შეამცირონ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით კი სამინისტრო რეგიონში პროდუქტის მარაგსა და ფასების მონიტორინგს ახორციელებს.

მისივე განმარტებით, მარაგების საკმარისი რაოდენობა არსებობს და შეშფოთების საფუძველი არ არის.