აჭარის მასშტაბით ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდება
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აჭარის მასშტაბით მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„აჭარის შემთხვევაში შერჩეული გვქონდა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც აცრის მთავარი ცენტრი „ფაიზერის“ ვაქცინისთვის. „ასტრაზენეკას“ ვაქცინისთვის ისე, როგორც ამას ბევრი ქვეყანა აკეთებს, ვაქცინაციის ჯგუფმა უპირატესობა მიაქცია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის დაცვას. მოგეხსენებათ, აჭარაში რაიონული დონის საკმაოდ კარგი და გამართული საავადმყოფოებია, სადაც დაგეგმილი იყო ვაქცინაციის ჩატარება. თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, პერიფერიულ კლინიკებში, ანუ რაიონულ დონეზე, ვაქცინაციების პროცესი აღარ ჩატარდება და ეს ყველაფერი გაგრძელდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი და დიდი შესაძლებლობა, რათა ნაკადების საკმარისად დიდი რაოდენობა მართოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.