აჭარის მაღალმთიანეთში გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
აჭარის მაღალმთიანეთში გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიანეთში მესამე დღეა, თოვს. თოვლის საფარის სიმაღლემ ხულოსა და შუახევის მაღალმთიან სოფლებში 80 სანტიმეტრს, ქედაში კი, თითქმის ერთ მეტრს მიაღწია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გაწმენდის სამუშაოები მუნიციპალიტეტებში ინტენსიურად, თითქმის 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება.

ამ დროისთვის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს, ადმინისტრაციული ერთეულებისკენ გადაადგილების შემთხვევაში, დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.

დიდთოვლობას ამ დროისთვის მთიანი მუნიციპალიტეტებისთვის განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია. შუახევის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

სასწავლო დაწესებულებები აჭარის რეგიონის მასშტაბით დისტანციურ რეჟიმში რჩებიან.