აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ კორონავირუსით ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია ინფიცირებული
კორონავირუსით სამედიცინო მუშაკის ინფიცირების პირველი ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ. დღეს ბათუმში დადასტურებული შემთხვევა ინფექციური საავადმყოფოს ექთანს უკავშირდება. ის 50 წლამდე ქალია.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ინფიცირებულ ექთანს კავშირი ჰქონდა ერთ-ერთ ასევე ინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც არის დაუმორჩილებელი და აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები.
„ბათუმში დაფიქსირდა ერთი სამწუხარო ფაქტი. ერთი პირია ინფიცირებული ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან, დადასტურებულია ახალი კორონავირუსი. აღნიშნული პირის ინფიცირების შესაძლო კონტაქტია პაციენტი, რომელსაც აქვს გარკვეული სამედიცინო პრობლემები, დაუმორჩილებელი პაციენტი. რომელთანაც კომუნიკაცია გახდა ინფიცირების შესაძლო ფაქტი. სამედიცინო პირი იცავდა ყველა იმ პროტოკოლს, რაც გათვლილია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ პერსონალი არის მაღალი რისკის და ის არ არის ამ რისკისგან დაცული. აღვნიშნავ, რომ ჩვენი დაინფიცირებული პერსონალი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იმყოფება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა მალევე მოხდება მოსი „მედალფაში“ გადაყვანა“, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
მისი თქმით, შესწავლილია ყველა სავარაუდო კონტაქტი, რომელიც ექთანს ჰქონდა. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, გამოვლენილია 15 კონტაქტი, მათ შორის, არიან ოჯახის წევრები და მედპერსონალი. ყველა მათგანი კარანტინშია.
„პირველადი ეპიდკვლევა არის დასრულებული. მოძიებულია ყველა კონტაქტი. 15 პირია, როგორც ოჯახის წევრი, ასევე მედპერსონალი. ყველაზე დამყარებულია მეთვალყურეობა და მკაცრი იზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. საჭიროების შემთხვევაში, მათ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევა. რამდენიმე პირს უკვე ჩაუტარდა და უარყოფითია შედეგი. თუმცა, ეს შედეგი არ გვაძლევს გარანტიას დარჩენილ 12 დღეში მდგომარეობა როგორ შეიცვლება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
კორონავირუსით სამედიცინო სექტორის თანამშრომლის ინფიცირების შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.