აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა იმატა
აჭარაში გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებს ბოლო პერიოდში, დღის განმავლობაში 250-მდე ადამიანი მიმართავს. უწყების ცნობით, მიმართვიანობის მატების მიუხედავად მონაცემები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია.
„მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა სიტუაცია საგანგაშო არ არის. მოვუწოდებთ მოსახლეობას, ვირუსის შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმს და პირდაპირ ნუ მიმართავენ სტაციონარს ან სასწრაფო დახმარებას”-განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ძირითადად „ბე“ ტიპის ვირუსი ფიქსირდება. არის „ეიჩ ერთისა“ და „ეიჩ სამის“ შემთხვებებიც.
გრიპის სეზონთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
მინისტრის განცხადებით, კლინიკები და ამბულატორეები დასვენების დღეებშიც იმუშავებენ.