აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებული არ არის
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებული არ არის

ამ დროისთვის აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებული არ არის – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ერთ პირზე გუშინ ბათუმის ლაბორატორიაში კვლევამ საეჭვო შედეგი აჩვენა, რის გამოც ანალიზი თბილისში, ლუგარის ლაბორატორიის ცენტრალურ ოფისში გადაიგზავნა.

„გუშინ ევროპის ქვეყნებიდან დაბრუნებული სამი მოქალაქიდან ორს არ დაუდგინდა ვირუსი, ერთი პირის კვლევის შედეგად საეჭვო პასუხი მიიღო ლაბორატორიამ და დამატებითი კვლევისთვის ლუგარის სათაო ოფისში გადაიგზავნა, საღამოს გვეცოდინება პასუხი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი პირი იმყოფება. მათ უკვე აუღეს ანალიზები, პასუხები დღის, ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში კარანტინში 150 ადამიანია, თვითიზოლაციაში კი 80-ზე მეტი პირია.