აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ტრაპიზონში, ავარიისას დაშავებული საქართველოს სამი მოქალაქე კლინიკაში რჩება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ცნობით, ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში საქართველოს სამი მოქალაქე რჩება. მძიმე მდგომარეობაში იმყოფება მამაკაცი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ასევე გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს მისი მეუღლე. შედარებით მსუბუქი ფორმის დაზიანებები აქვს მესამე მოქალაქეს.
„ყველა მგზავრი სეზონურად თურქეთში დასაქმებული ქართველია. დაშავდა ცოლ-ქმარი, მამაკაცს ჩაუტარდა ოპერაცია და რეანიმაციაში იმყოფება, მის მეუღლეს კი სჭირდება რამდენიმე ოპერაცია სახის ძვლების აღსადგენად. თურქული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს ოპერაციის გასაკეთებლად. კლინიკაშია კიდევ ერთი ქალბატონი ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. ყველა სხვა დაშავებული გაწერილია”,- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ტრაპიზონში გამთენიისას, ქართული სანომრე ნიშნის მქონე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. ავტომანქანას საქართველოს 21 მოქალაქე, სეზონზე დროებით მომუშავე მუშები გადაჰყავდა. ადგილზე საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან.