აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქობულეთში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესება არ განიხილება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქობულეთში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესება არ განიხილება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ ქობულეთში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესება არ განიხილება. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. თუმცა, მიქელაძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი გამკაცრებულია.

„დამატებითი ზომები მიღებულია იმ კონკრეტულ უბნებზე, სადაც გავრცელების კერები იყო. ეს თავდაპირველად ძირითადად ერთ ლოკაციას უკავშირდებოდა, სადაც იდენტიფიცირებული იყო „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გუნდი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგები ორი დღეა, ამ ზონაში მუშაობენ. იდენტიფიცირებულია ამ დაავადებულებთან დაკავშირებული ყველა შესაძლო კონტაქტი და ასეთი ჯამში იყო 147 პირი.

გუშინ მათგან აიღეს 55 ბიოლოგიური მასალა, რომლის კვლევაც დასრულდა. სწორედ გუშინდელი კვლევის საფუძველზე იყო ექვსი ახალი შემთხვევა დადასტურებული. სულ ახლახან დასრულდა მორიგი კვლევა უკვე სხვა საკონტაქტო ჯგუფებში, 44 მასალა, ჯამში 99 ბიოლოგიური სინჯი იყო აღებული და გადაგზავნილია. ბათუმში ლუგარის ლაბორატორიის ფილიალი გვაქვს და აღნიშნულ მასალაზე კვლევები მიმდინარეობს. ყველა მათგანზე „პისიარ“ კვლევა ტარდება და მის სანდოობაში დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ამასთან, კითხვაზე, ერთ კონკრეტულ სოფელს გასცდა თუ არა ინფიცირებულის კონტაქტების არეალი, ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, რომ ეს კონტაქტები რამდენიმე ადგილზეა მიკვლეული.

„147 ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებულია, სწორედ ამ კლასტერს უკავშირდება. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული სოფლის ლოკაცია. იმიტომ, რომ ამ ლოკაციას დაემატა ის ნათესავები და მეგობრები, სადაც იმყოფებოდნენ ამ ოჯახის წევრები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუნიციპალიტეტში გვაქვს ხუთი ასეთი ლოკაცია, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში, რომელზეც ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობაა დაწესებული. ამ მოქალაქეების ნაწილი გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში და ნაწილი თვითიზოლაციაში რჩება სამედიცინო პერსონალის და ეპიდემიოლოგიური ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, ზაალ მიქელაძემ უპასუხა კითხვას ქობულეთის საავადმყოფოს შესახებ, სადაც კარანტინი გამოცხადდა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გამო, კლინიკაში დროებით შეჩერდა მომსახურება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ვერ იქნა იდენტიფიცირებული, ექიმების მხრიდან იყო თუ არა დაცული კონტაქტი პაციენტთან, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აღნიშნული დაწესებულების ექიმები, მედდები და დამხმარე პერსონალი, ჯამში 37 პირი გადაყვანილი იყო საკარანტინო და თვითიზოლაციის რეჟიმში. პირველ ეტაპზე, მათ ჩაუტარდათ ტესტები და პასუხი უარყოფითი იყო.

ისინი 14 დღის მანძილზე იზოლაციაში და საკარანტინო სივრცეში რჩებიან. ახლა ამ კლინიკის სხვა რესურსი შეისწავლება, ვისაც არ ჰქონდა ურთიერთობა აღნიშნულ პაციენტებთან და სავარაუდოდ, თუ ის ამ რესურსით შეძლებს უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, ორშაბათიდან მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდება“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.