აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები აქტიურად ტარდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განათლების მინისტრთან ერთად, ბათუმის მე-10 სკოლაში იმყოფებოდა და საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლების პროცესს გაეცნო.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით.
მათივე ცნობით, ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები აქტიურად ტარდება. სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილია საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე. პირველკლასელები და მათი დამრიგებლები პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ.
აჭარაში სულ 63 472 მოსწავლეა, მათ შორის 6 239 პირველკლასელი ირიცხება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დღეიდან განახლდა.