აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს
ქობულეთში დღეს გამართულ საპროტესტო აქციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა.
მათი განცხადებით, მოქალაქეებმა, რომლებსაც აუქციონზე გატანილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.
„აჭარის მთავრობის წევრებმა ბობოყვათის მოსახლეობასთან შეხვედრა უკვე გამართეს. როგორც ცნობილია, ტერიტორია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და შესაბამისად, მოქალაქეებს არ აქვთ მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.
მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობის ნაწილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით ბობოყვათში მიწა არ ეკუთვნით, ისინი მთავრობისგან ითხოვენ რაიმე გზის გამოძებნას, რათა აღნიშნული მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდეთ. მთავრობის წევრების მიერ მოსახლეობას განემარტა, რომ ქონების განკარგვა მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ, დაინტერესების შემთხვევაში, მოსახლეობასთან კვლავ გამართონ შეხვედრა, რომლის ფარგლებში, მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ“, – აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
უწყების ცნობთ, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ამჟამად ბორჯომში იმყოფებიან და მიმდინარე სამუშაო შეხვედრებში იღებენ მონაწილეობას.
დღეს ქობულეთში ადგილობრივებმა რკინიგზა გადაკეტეს და თბილისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა დროებით შეაფერხეს. ისინი აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვენ, რომელზეც ბობოყვათში სანაპირო ზოლზე 27 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გაიყიდოს.