აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ბათუმის მერია იწყებენ პროექტს „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის მერიასთან ერთად, ახალ პროექტს – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ იწყებს. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 2025 წლამდე ბათუმში ავარიულ კორპუსებში მცხოვრები 3 000 ოჯახი ახალ საცხოვრებელს მიიღებს.
რიჟვაძის თქმით, დღეისთვის ბათუმში 140-ზე მეტ საცხოვრებელ კორპუსს აქვს ავარიულის სტატუსი და ამ კორპუსებში 1 400-მდე ოჯახი ცხოვრობს. სახლების ექსპერტიზა გაგრძელდება.
როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე სწორედ ეს ოჯახები დაკმაყოფილდებიან, თუმცა პარალელურად გაგრძელდება საეჭვო მდგრადობის სახლების ექსპერტიზა.
პროგრამა ოთხწლიანია, ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 20 მილიონი გამოიყოფა, სულ კი დაიხარჯება 80 მილიონი ლარი.
პირველ ეტაპზე, 638 ოჯახს მერიის საბინაო ფონდიდან გადაეცემა ბინა.
„აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ერთობლივად იწყებენ სამთავრობო პროგრამის განხორციელებას „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომელიც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი შემდეგ წლებში. ჩვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ექსპერტების შედეგების გათვალისწინებით, ბათუმში გვაქვს 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, კორპუსი, ავარიული სტატუსის მქონე და დაახლოებით 1 400-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ავარიულ პირობებში. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობა, მომავალ წელს 20 მილიონი ლარის ფარგლებში მოახდენს კონკრეტული მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაწევას ბათუმის მერიის მიმართ და დაიწყება ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახების ეტაპობრივი დაკმაყოფილება.
ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენი უპირველესი მიზანია, რომ ერთი მხრივ, გავაუმჯობესოთ იქ მცხოვრები ოჯახების პირობები და მეორეს მხრივ, ასევე ვიზრუნოთ ქალაქის იერსახეზე.
ასევე, ცოტა მოგვიანებით, ჩვენ კერძო სექტორს შევთავაზებთ კონკრეტულ პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით ბიზნესისა და სამშენებლო სექტორის მეტ ჩართულობას ამ პრობლემის გადაჭრაში. ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლისთვის საბოლოოდ გადავწყვიტოთ 3 000-ზე მეტი ოჯახის პრობლემა ბათუმში, რომლებსაც სამწუხაროდ, დღემდე უწევდათ ცხოვრება ავარიულ პირობებში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ასევე, აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბიუჯეტიდან გამოიყოფა 10 მილიონი ლარი იმ კორპუსების რეაბილიტაციისთვის, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მასში ოჯახები ცხოვრობენ.