აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტს ბათუმში დღეს განიხილავენ
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და პროექტის სხვა ავტორები დღეს ბათუმში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს განიხილავენ. ავტონომიის კონსტიტუციაში ცვლილებები მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პარლამენტმა აჭარის შესახებ კონსტიტუციური კანონი მიიღო.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ავტონომიის კონსტიტუცია სწორედ ამ კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წარმოდგენილ პროექტში ცვლილებების შეტანა არ შეიძლება. სწორედ ამ მიზნით, რამდენიმე დღეა ცვლილებების საჯარო განხილვები მიმდინარეობს.
„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოლოდინი უფრო მეტი იყო. ის ვარიანტი, რომელიც უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა, ვერ პასუხობს იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებობს. ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი პირველ რიგში პოლიტიკური უფლებამოსილებით უნდა იყოს აღჭურვილი, უნდა ჰქონდეს უფრო მეტი სამართლებრივი ბერკეტი. არც წინა კონსტიტუცია და არც წარმოდგენილი პროექტი რეალურად არ ანიჭებს ავტონომიას რეალურ უფლებებს და შესაკრებთა ადგილების შეცვლით, ჯამი არ იცვლება“,- ამბობს საია-ს ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.
„იცვლება სახელმწიფო ორგანოთა მოწყობის წესი, ძლიერდება უმაღლესი საბჭო, განსაკუთრებით აჭარის მთავრობის კონტროლის მიმართულებით, ძლიერდება ადგილობრივი მთავრობაც. ადგილზე გადაწყდება, რამდენი სამინისტრო უნდა ჰქონდეს აჭარას და მთავრობის თავმჯდომარეს არ ექნება ვალდებულება შეუთანხმოს მინისტრების კანდიდატები ცენტრალურ მთავრობას. სწორედ ამ ცვლილებებზე ვმსჯელობთ საჯარო განხილვებზე, რომ გავიგოთ საზოგადოების აზრი, რა არის ცუდი და რა არის კარგი“,- განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.