აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა დღეს გაიმართება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა დღეს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოსცა.
აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის, ტიტე აროშიძის განცხადებით, სხდომაზე წარდგენილნი იქნებიან კომიტეტის თავმჯდომარეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ვიცე-სპიკერი.
მისივე ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით დავით გაბაიძე იქნება წარდგენილი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ვიცე-სპიკერის პოსტზე თავად – ტიტე აროშიძე; ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი იქნება გიორგი მანველიძე; საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელებს ვლადიმერ მგალობლიშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება მარინე გვიანიძე; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელებს ილია ვერძაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტს – ცოტნე ანანიძე; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტს – დავით ბაციკაძე; აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტს კი ფრიდონ ფუტკარაძე უხელმძღვანელებს.
გენდერული საბჭოს თავმჯდომარედ წარდგენილი იქნება ფატი ხალვაში, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე კი ირაკლი ჭეიშვილი იქნება.
რაც შეეხება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ამ პოსტზე მმართველი გუნდი პრეზიდენტს თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას წარუდგენს.
როგორც ტიტე აროშიძე აცხადებს, ის გარემოება, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს მეხუთე მოწვევის პირველ სხდომას ოპოზიცია არ დაესწრება, საბჭოს მუშაობას ვერ შეაფერხებს. მისი თქმით, საბჭო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
„სხდომა გაიმართება იმ ფორმატში, რომელ ფორმატშიც არსებობს ზოგადად გაწერილი და ვფიქრობ, ის, რომ ოპოზიცია არ დაესწრება, არანაირ დისკომფორტს და შეფერხებას არ შეუქმნის უმაღლეს საბჭოს მუშაობაში გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი საკითხებია დაგროვილი და გადასაწყვეტი – ბიუჯეტი მისაღებია. ასე რომ, უმაღლესი საბჭო გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას“, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აჭარის უმაღლეს საბჭოში პირველი სხდომა გაიმართება, ორგანიზაცია უმაღლეს საარჩევნო კომისიას სიების განულების მოთხოვნით მიმართავს. როგორც გიორგი კირთაძე ამბობს, აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება.
„სიმბოლურია, რომ ჩვენი 24-საათიანი პროტესტის 41-ე დღეს გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომ გაიმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა. მას შემდეგ, რაც პირველი სხდომის ჩატარება მოხდება, ჩვენი ბლოკი მიმართავს უმაღლეს საარჩევნო კომისიას და მოითხოვს სიების განულებას. ამის შემდეგ ჩვენი ბლოკიდან გასული დეპუტატები მიმართავენ უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტაზე. არავინ აპირებს ივანიშვილს გაყალბებული არჩევნები „გაუპრავოს“. აქცია, არათუ უმაღლესი საბჭოს პირველ შეკრებაზე, 41 დღეა, რაც აქ მიმდინარეობს აქცია. პროტესტი, ბუნებრივია, იქნება ხვალაც, ზეგაც და მანამდე, სანამ ყველა ერთად არ მივაღწევთ, რომ ქართველმა ხალხმა აირჩიოს საკუთარი ხელისუფალი. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა აუცილებლად იქნება გაპროტესტებული“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.