აჭარიდან და სვანეთიდან წალკაში ჩასახლებული ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ
აჭარიდან და სვანეთიდან წალკაში ჩასახლებული ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საცხოვრებელ სახლებსა და მიწას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წლების წინ ისინი ხელისუფლებამ ჩამოასახლა როგორც ეკომიგრანტები და ბერძენი მოსახლეობის მიერ დატოვებული სახლების შესყიდვას დაჰპირდა, თუმცა დღემდე არც სახლები აქვთ და არც ეკომიგრანტის სტატუსი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩამოსახლებული 2 500 ოჯახიდან სახლი მხოლოდ 400 ოჯახს აქვს, დანარჩენები კი, ყოველ დღე გამოსახლების შიშში არიან, რადგან წლების წინ საბერძნეთში წასული მოსახლეობა წალკაში საკუთარ სახლებს ეტაპობრივად უბრუნდება.
წალკის მერის პირველი მოადგილის, ანზორ ხიმიკაძის განცხადებით, აქციის მონაწილეების ნაწილი თვითნებურად ჩასახლდა წალკაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
„იმის თქმა, რომ ეს ხალხი, ყველა სახელმწიფომ ჩამოასახლა, არის მანიპულირება. სახელმწიფოს ჰქონდა პროგრამა და რისი შესაძლებლობაც ჰქონდა, იმის ფარგლებში ჩაასახლა. მაგრამ აქ თვითნებურად ჩამოვიდა მოსახლეობა. მაგალითად, ადიგენის რაიონიდან, ახალქალაქიდან, ჩოხატაურიდან, საერთოდ ჩასახლებასთან შეხება რომ არ ჰქონდა. სახელმწიფო საქმის კურსშია, საუბარი მიმდინარეობს, რომ მოხდეს კორპუსების გარემონტება და იმ ადამიანების დაკმაყოფილება, რომლებიც მართლა სოციალურად დაუცველი არიან ან მრავალშვილიანი ოჯახია. პროგრამა მუშავდება. ეს ხალხი უსახლკაროდ არ დარჩება. ამ აქციაზე მუშა კაცს ვერ ნახავდით. 60 კაცის გადასაწყვეტი არაა, აქ 5 ათასი კაცი ცხოვრობს. ერთი ჰექტარი მიწა ყველა ოჯახს აქვს და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწებით სრულად სარგებლობენ. ეკომიგრანტი თუ არის ვინმე, გრძელდება ბინების შესყიდვა. წელსაც რამდენიმე ადამიანს შეუძენენ ბინებს“, – განაცხადა ანზორ ხიმიკაძემ.
მისივე თქმით, 1998 წლიდან დღემდე წალკაში სხვადასხვა რეგიონიდან სულ 2 343 ადამიანია ჩასული. სახელმწიფომ სახლები 580 ოჯახს შეუძინა.