აჭარაში უხვი ნალექის გამო, 30-31 ოქტომბერს „112“-ში 60-მდე გამოძახება შევიდა [ვიდეო]
აჭარაში უხვი ნალექის გამო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 30-31 ოქტომბერს 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახებების უმრავლესობა ძირითადად ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვას შეეხებოდა. ძლიერი წვიმის გამო, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც ახლოს მდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია.
მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე დროული რეაგირება მოახდინეს. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო როგორც მაშველთა, ასევე, პოლიციის ჯგუფები. მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გამოყვანა. ევაკუაციის პროცესში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო სამაშველო ნავი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, აჭარაში, ასევე, დაფიქსირდა მეწყერის ორი შემთხვევა და დაზიანდა ერთი ხიდი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, აჭარაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. რამდენიმე ადგილას გრძელდება წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.