„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი და გირაოს ქვეშ მყოფი ერთი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ დღეს, შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორივე პირი ბათუმში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არასრულწლოვნებს მოტყუებით ართმევდნენ მობილურ ტელეფონებს, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ და შემდეგ ყიდდნენ. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ეფექტიანად იმუშავეს სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და გამოძიების მიმართულებითაც. აჭარასა და შიდა ქართლში მომხდარი ქურდობის სამი ფაქტია გახსნილი. მათ შორის ქურდობაში მხილებულია სამი არასრულწლოვანი“ – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.