აჭარაში რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უმაღლეს საბჭოს განცხადებით მიმართა
აჭარაში ოპოზიციური პარტიები უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტის განხილვას და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნების თაობაზე, შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკელები“, „ლელო“, „სამოქალაქო მოძრაობა“, „ემსახურე საქართველოს” და „ახალი საქართველო“ ერთობლივი საგანგებო ბრიფინგი გამართა და აჭარის უმაღლეს საბჭოს განცხადებით მიმართა.
„მოვითხოვთ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მიღებული შეთანხმების შესაბამისად პროპორციული სისტემის შემოღებას და მივმართავთ აჭარის ხელისუფლებასაც, რომ გაგრძელდეს ინიცირებული კანონპროექტის განხილვა და ამის შემდეგ ჩვენ ჩავერთვებით პროცესში” – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ პეტრე ზამბახიძემ.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საკითხთან მიმართებაში მმართველმა გუნდმა უნდა იაქტიუროს.
„აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლეოსობა გასუსულია. სამწუხაროდ, კანონი ინიცირებულია და არავითარი დამატებითი მიმართვა საჭირო არ არის. ბურთი მათ მხარესაა და ველოდებით ქმედით ნაბიჯებს“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა ირაკლი ჩავლეიშვლმა.