აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ
აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ.
აჭარის რეგიონში არჩევნების მეორე ტური ბათუმისა და მთიანი აჭარის ოლქებში ტარდება.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ბათუმის ოლქში ლევან ვარშალომიძე, ხოლო ხელვაჩაური-ქედი-შუახევი-ხულოს ოლქში მიხეილ ბოლქვაძე გადავიდნენ.
რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურს, ბათუმის ოლქში გიორგი კირთაძე, ხელვაჩაური-ქედი-შუახევი-ხულოს ოლქში კი გია აბულაძე გადავიდნენ.
„ყველამ იცის, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს იყო სპეცოპერაცია. ამიტომ ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ და ასევე მოვუწოდებთ ყველა ამომრჩეველს, არ მივიდეს არჩევნების მეორე ტურში. რაც დავაანონსეთ და რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია, სირცხვილის კორიდორებს ვგულისხმობ, პროტესტი იქნება ყველა უბანზე, მაგრამ მხოლოდ იმ პირებს მოვუწყობთ სირცხვილის კორიდორს, ვინც გამყალბებელი იყო“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
სირცხვილის კორიდორებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გიორგი კირთაძემაც გააკეთა.
„ყველა უბანზე იქნება პროტესტი. უფლება გვაქვს, ტრანსფარანტებით დავდგეთ და მოსახლეობას გავაგებინოთ, რა მოხდა, მაგრამ კორიდორებში გავლა მოუწევთ არა მოქალაქეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ხსნა მაგალითად, რესან კონცელიძის არჩევაშია, არამედ მათ, ვინც გაყალბების ავტორები არიან“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ მოქმედების საერთო გეგმაზე განცხადებას სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ხვალ გააკეთებენ.