აჭარაში მოქმედი მედიასაშუალებები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავენ
აჭარაში მოქმედი მედიასაშუალებები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავენ. ამის მიზეზი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ერთ-ერთი აქტივისტის, ხათუნა ბერიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი გახდა. ხათუნა ბერიძე TV 25-ის ეთერში გასულმა რეპორტაჟმა გააღიზიანა, რის გამოც ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მისამართით დისკრიმინაციული შინაარსისა და შეურაცხმყოფელი სტატუსი გამოაქვეყნა.
სიუჟეტი ხალხმრავალ ქორწილში კოვიდრეგულაციების დარღვევას ასახავდა, სადაც ოპოზიციონერი ლიდერებიც იმყოფებოდნენ. ჟურნალისტები პარტიის მხრიდან საჯარო პოზიციის დაფიქსირება მოითხოვენ.
„ჟურნალისტური საქმიანობის გამო თავდასხმა აჭარაში ბევრი გვინახავს, მათ შორის პირადი ცხოვრებით მანიპულირების ფაქტები და სოციალურ ქსელებში აგორებული, დაფინანსებული კამპანიები. ერთხელაც კი, ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არ ყოფილა, არც პარტიული პასუხისმგებლობა გვინახავს და არც ინდივიდუალური. დღეს აჭარაში მომუშავე ჟურნალისტები, კიდევ ერთხელ, აღმოვჩნდით ჩვენი კოლეგის მიმართ გავრცელებული შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ინფორმაციის მოწმე. ამ ინფორმაციის გამავრცელებელი კი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ორგანიზაცია წარმოადგენს და მის მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს.
ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია პარტიის წევრებსა და აქტიურ მხარდამჭერებში მარტივი დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა იყოს მათთან ურთიერთობის საფუძველი, ასევე ვფიქრობთ, რომ მსგავსი ლექსიკის და ღირებულებების ადამიანს, არც პოლიტიკურ სივრცეში და არც სამოქალაქო საზოგადოების ველზე ასპარეზი არ უნდა მიეცეს. ველით პარტიის მხრიდან ამ საკითხზე განმარტებას და რეაგირებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აჭარაში მოქმედი მედიასაშუალებების 60-მდე წარმომადგენელი აწერს ხელს.