აჭარაში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ქობულეთის სოფელ ლეღვაში 20 წლის გიორგი ალხანიშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიება ერთ პირს – უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს, რომელმაც შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ ქვეყანა დატოვა, დაუსწრებლად შეეფარდა.
ამასთან, სამი პირიდან ორი დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული, ერთი კი – დაფარვაში. დღეს პროცესზე დაკავებულებმა განაცხადეს, რომ მკვლელობაში ბრალდებულისგან განიცდიდნენ მუქარას, დანაშაული კი შიშის გამო დაფარეს.
პროკურორ თორნიკე გოგეშვილის განცხადებით, გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა ნასვამ მდგომარეობაში ურთიერთშელაპარაკების დროს მოხდა. მისივე თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელიც ლონდონში სწავლობს, ქვეყანა თურქეთის გავლით დატოვა და მიმდინარეობს მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები.
„შემთხვევა 16 მაისს, ღამით მოხდა, მეორე დღეს მკვლელობაში ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე მყოფი პირის დახმარებით ცხედარი დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადაიტანა და დამარხა, თვითონ კი 19 მაისს ქვეყანა თურქეთის გავლით დატოვა. სამძებრო სამუშაოები 22 მაისიდან დაიწყო, როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს მიმართეს. მათ იცოდნენ ადგილსამყოფელი, თუმცა ოჯახის წევრებს მკვლელობის მონაწილეები უმტკიცებენ, რომ ის სახლიდან ტაქსით გააცილეს,“ – განაცხადა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.
გარდაცვლილს დღეს ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა, რის შემდეგაც იგი დედოფლისწყაროში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
მკვლელობის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ივლისისთვის ჩაინიშნა.