აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში კორონავირუსზე მასობრივი გამოკვლევები იწყება. ასევე, ბათუმში, ანბანის კოშკთან უფასო ტესტირებისთვის მესამე კარავი გაიხსნება. გამოკვლევის პროცესში ერთვებიან პოლიკლინიკებიც.
„დღეიდან აჭარაში კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი. მოქალაქეებს ნიმუშის აღება – N1 პოლიკლინიკაში, N4 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში და „ევექსის“ ბათუმის ამბულატორიაში 10:00-17:00 საათამდე შეეძლებათ.
ასევე, დაემატა კარავი და დღეიდან ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. ახალი კარავი განთავსდა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარვებში ტესტირება შესაძლებელია 11:00-23:00 საათამდე. ტესტირებისთვის ქობულეთში კარავი ლოკალიზებულია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, კვლევის ჩატარება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა.