აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს საღამოს არ გაზრდილა
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს საღამოს მონაცემებითაც არ გაზრდილა. კლინიკა „მედალფაში“ კი, სადაც დღეს ოთხი გამოჯანმრთელებული პირის გაწერის შემდეგ 30 ინფიცირებული დარჩა, უახლოეს დღეებში ისევ ელოდებიან რამდენიმეს გამოჯანმრთელებას. კლინიკაში ამბობენ, რომ განმეორებით ტესტირებას რამდენიმე პაციენტს ხვალ ჩაუტარებენ.
მედიკოსების თქმით, გაუმჯობესდა მძიმე პაციენტის მდგომარეობაც, თუმცა ის კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება.
„მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 30 პაციენტი, მათი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. მძიმე პაციენტი კვლავ ერთია, მართვითი სუნთქვა არის გამარტივებული, მდგომარეობა კი დინამიკაში გაუმჯობესდა. უახლოეს დღეებში ველოდებით განმეორებითი ტესტირების პასუხებს და, სავარაუდოდ, რამდენიმე პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა „მედალფას“ კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი გოხელაშვილმა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 517 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 178 გამოჯანმრთელდა.