აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 178 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 178 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 178 პაციენტი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში კი, ვირუსი 7 500-მდე ინფიცირებულმა დაამარცხა.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გუშინდელთან შედარებით მოიმატა და 437-ს მიაღწია.

კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მძიმე პაციენტები კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან. 207 ინფიცირებულიდან 47 რეანიმაციაშია, მათგან 14 კი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზეა.

კლინიკის მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, ამ დროისთვის, რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი არ არის, თერაპიული კუთხით კი თავისუფალი ადგილები კლინიკაში ეტაპობრივად ჩნდება, რადგან საავადმყოფოს ყოველდღიურად ტოვებენ გამოჯანმრთელებულები, ასევე პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც შემსუბუქებულია და კოვიდსასტუმროებში გადაჰყავთ.