აჭარაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი ე.წ. „ქობულეთის კლასტერს“ უკავშირდება. ვირუსი დაუდასტურდა კაფე „ჰავანაში“ უკვე გამოვლენილ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ორ პირს.
ჯამში, ქობულეთიდან კორონავირუსი დადასტურებული აქვს ხუთ მოქალაქეს. ეპიდემიოლოგიურად მოკვლეულია და კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე. „პისიარ“ ტესტირებისთვის სინჯები აღებული აქვს დამატებით 110 პირს, კვლევის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ ერთ პირს, ქალბატონი იმყოფებოდა კარანტინში, რომელიც საქართველოში საბერძნეთიდან დაბრუნდა.
სამივე ინფიცირებული გადაყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში. აღნიშნულ დაწესებულებაში მკურნალობას 26 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს.