აჭარაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან ორი ქობულეთში მდებარე კაფე „ჰავანას“ თანამშრომელია, ორი კი, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა, რომ ქობულეთში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება.
„აჭარაში გამოვლინდა ოთხი დადასტურებული შემთხვევა, აქედან ორი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, ხოლო ორი უკავშირდება ქობულეთის უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტებს. ახლო კონტაქტებად განისაზღვრა 54 პირი, ესენი არიან როგორც ოჯახის წევრები, ასევე მეგობრები და თანამშრომლები. საერთო რეკომენდაციაა, რამე ჩივილის გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეები დაუკავშირდნენ „112“-ს ან მიმართონ ცხელების ცენტრებს. კაფე „ჰავანა“ მუშაობს, თანამმშრომლების უმრავლესობა გადაყვანილია საკარატინო სივრცეში, მათ ახალი თანამშრომლები ჰყავთ აყვანილი“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.
ჯამში, ბათუმის კოვიდცენტრში 23 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.