აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კვლავ რჩება 37 ინფიცირებული.
კლინიკის დირექტორის, ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, ხუთ პაციენტს უკვე აღარ უფიქსირდება ვირუსი. განმეორებითი ტესტის შედეგებიც უარყოფითია, თუმცა როდის დატოვებენ ისინი კლინიკას, ეს დამატებითი გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.
ხოზრევანიძის თქმით, შესაძლებელია, მათ ნარჩენი გართულებების გამო მკურნალობის გაგრძელება დასჭირდეთ.
„მედალფას“ დირექტორის ინფორმაციით, გაუმჯობესების დინამიკა შეიმჩნევა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან მიმართებაში. სხვების მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.