მივიჩნევთ, რომ აჭარაში საწოლების რაოდენობის სიმცირის მოლოდინი დაიხურება, ჩვენი ახალი ჯგუფის წევრები ჩაერთვებიან ოპერატიულ მართვაში, კლინიკურ ზედამხედველობაში, გაუმჯობესდება საწოლების რაოდენობა და პაციენტების მოვლის ხარისხი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკური ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით 569 ინფიცირებულია, კვლავ საყურადღებოა აჭარა, სადაც არის 207 ინფიცირებული.
„მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მზარდი დინამიკა და 168 ინფიცირებული გვყავს, იმერეთში ჯერ არის 117 ინფიცირებული, თუმცა ამ კუთხითაც საკმაოდ გააქტიურებულია როგორც სამინისტროს, ასევე ადგილობრივი მენეჯმენტის ჩართულობა. გვაქვს შემდგომი ნაბიჯების კონკრეტული გეგმები. ჩემი პირველი მოადგილე იცით იმყოფება აჭარაში. ასევე აჭარაში არის ზაზა ავალიანი. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს აჭარაში საწოლების რაოდენობის მობილიზება და ასევე ადგილზეა ათამდე მედიკოსი, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მხრიდან არიან რეკომენდებულნი, როგორც რეანიმაციული, ასევე ინფექციური კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ბატონი თენგიზის გუნდიდან ხვალ დამატებით ოთხი ადამიანი მივლენილია აჭარაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაემატება კიდევ 50 საწოლი, აქედან 10 რეანიმაციული და 40 თერაპიული საწოლი.
„დანარჩენი საავადმყოფოები, რომლების აჭარის რეგიონში არიან და ჩვენთან თანამშრომლობენ, მათი მხრიდან იქნება გამოყოფილი დამატებით 30 საწოლი, რითიც ჩვენ ვთვლით, რომ აჭარაში საწოლების რაოდენობის სიმცირის მოლოდინი დაიხურება და ჩვენი ახალი გუნდის წევრებით, რომლებიც ჩაერთვებიან ოპერატიულ მართვაში, კლინიკურ ზედამხედველობაში, გაუმჯობესდება საწოლების რაოდენობა და პაციენტების მოვლის ხარისხი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, გურიის რეგიონს დაემატა ურეკის ცხელების ცენტრი, სადაც 21 საწოლია მობილიზებული.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ ცხელების კლინიკას გარდა მსუბუქი და ცხელების პაციენტებისა, შესაძლებლობა ექნება, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ოთხი მძიმე პაციენტი, რომლებიც 24-48 საათის განმავლობაში სხვა კლინიკებში იქნებიან გადაყვანილნი“, – განაცხადა ტიკარაძემ.