აჭარაში იპოთეკით დაზარალებულები გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს მოითხოვენ
იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა პირებმა აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს, სადაც ხელისუფლებისგან გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხები მოითხოვეს.
ამასთან, აქციის მონაწილეები მიესალმებიან მთავრობის ინიციატივას დავალიანებების განულებასთან დაკავშირებით, თუმცა ამბობენ, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი პრობლემის აღიარებაა და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი საკითხია გადასაჭრელი.
„მისასალმებელია, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ დაიწყო საბანკო და საფინანსო პოლიტიკის ნგრევა, რომელიც წინა ხელისუფლებამ ფინანსური ტერორის სისტემის შედეგად დაამკვიდრა და რომლის შედეგადაც საქართველოში ათასობით ოჯახი უძრავ-მოძრავი ქონების გარეშე დატოვა, უამრავმა ადამიანმა ვალების გადაუხდელობის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოზიტიური ნაბიჯები უნდა გაგრძელდეს“, განაცხადა უფლებადამცველმა, თამაზ ბაკურიძემ აქციაზე.
იპოთეკური სესხებით დაზარალებული აქციის მონაწილეები თავიანთი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციების პერმანენტულად გამართვას გეგმავენ.