აჭარაში ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კიდევ ექვს ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარაში ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კიდევ ექვს ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში. კორონავირუსის გავრცელება ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

მეორადი კვლევის შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა ხუთივე პირს, ვისი ანალიზიც პირველადი კვლევით საეჭვო იყო და დაემატა კიდევ ერთი ინფიცირებული პირი.

„150 კონტაქტი მოვიძიეთ, მათგან 100-ის გამოკვლევა მოხდა. ექვსი ინფიცირებულიდან ერთი არასრულწლოვანია. ქობულეთის სოფლებში დავიწყებთ მასობრივ სკრინინგს. აღმოჩენილი კონტაქტები მკაცრ იზოლაციაში რჩებიან“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით კონტაქტების მოძიება გრძელდება. გამოიკვლევენ დანარჩენ 50 პირსაც.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 242 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 57 გამოჯანმრთელდა.