ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხანიშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად გახსნა.
როგორც აღინიშნა, შტაბი მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას.
შტაბი აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამოქმედდა. შტაბის გახსნას ესწრებოდნენ ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერები, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები, ექსპორტიორები და მეციტრუსე ფერმერები.
შტაბი პირველ თებერვლამდე გააგრძელებს მუშაობას. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან ერთ კგ სამრეწველო მანდარინზე 15-თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 5 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საექსპორტო მანდარინს 20–მდე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთის საწარმო შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
შტაბის გახსნის შემდეგ, აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინიც დაიკრიფა.