აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღებასთან დაკავშირებული საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
აჭარაში წელს 40 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. მოსავლის რეალიზაციაში ფერმერებს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი დაეხმარება, რომელიც დღეს გაიხსნა.
საექსპორტო მანდარინს 30–მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო ჩაიბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, მთავრობა მის სუბსიდირებას წელსაც მოახდენს. ფერმერებს ათ თეთრს ბიუჯეტიდან გამოუყოფენ, ათს კი, მიმღები საწარმოები გადაუხდიან.
„ჩვენი პროგნოზით, ციტრუსის სეზონი ჩაივლის წარმატებით. წინასწარი მონაცემებით, უკვე გვაქვს ათი ათას ტონამდე ციტრუსის ექსპორტის მზაობა. არასტანდარტულზე უკვე გვაქვს ბიუჯეტში განსაზღვრული თანხა. მოსალოდნელი ციტრუსის რაოდენობა დროულად დაბინავდება“, – აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე.
შტაბი მუშაობას პირველ თებერვლამდე გააგრძელებს.