აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია „რედკოს“ ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალი საინვესტიციო პროექტი მოიცავს 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტს, „მერიოტ ინტერნეიშენალის“ (Marriott International) საერთაშორისო ბრენდის, სასტუმრო „ალოფტის“ (aloft) 119 სასტუმრო ნომერს და ორი ნაწილისგან შემდგარი „ბამბუ ბიჩ ციხისძირის“ (Bamboo Beach Tsikisdziri) მშენებლობას.

მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრნენ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტის თანაბარი განვითარება, რასაც აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

„სიმბოლურია, რომ დღეს გლობალური გამოწვევის კვალდაკვალ, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო დღემდე ებრძვის პანდემიას, საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი რეგიონისთვის და განსაკუთრებით ქობულეთისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ჩვენ ძალიან მალე უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნოთ განვითარების იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც აქამდე გვქონდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღმშენებლობა გრძელდება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ გრძელდება ქობულეთში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც. იმ კონკრეტულმა ღონისძიებებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა ვირუსთან ეფექტიანად ბრძოლის ფარგლებში, მოგვეცა საშუალება, რომ ძალიან მალე დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა, დავიწყოთ ტურისტების მიღება, გაგრძელდეს საინვესტიციო პროექტები და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყაროს საფუძველი“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.