აჭარაში მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტების დარიგების პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე აჭარაში 40 000-ზე მეტ ოჯახს უკვე გადაეცა სასურსათო კალათა.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, კორონავირუსთან ბრძოლის პირველივე ეტაპზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო რესურსები და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ყველაზე მოწყვლად 7 000 ოჯახს გადაეცათ სუსურსათო კალათა. გარდა ამისა, კერძო სექტორის ჩართულობით შეძენილ იქნა პროდუქტები, მედიკამენტები, რომელიც გადანაწილდა და გადაეცა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებსა და მარტოხელა პენსიონერებს.
პროცესში ჩართულები არიან ახალგაზრდები და მოხალისეები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის ჩართულობით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გადამზადდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევენ დარიგების პროცესს, რათა დაცული იქნას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია.
სურსათის დარიგების პროცესში და სოციალურად დაუცველ, მაღალი რისკჯგუფში შემავალ პირებთან მიწოდებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, მუნიციპალიტეტის მერებმა, საკრებულოს წევრებმა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
აჭარის მთავრობა საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობს, რომელიც სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და ტურიზმის ინდუსტრიის დამატებით სტიმულირებას ისახავს მიზნად.