აბურჯანიამ კლინიკაში ბავშვები მოინახულა - ქართველს „მალიორკა" იწვევს
გიორგი აბურჯანია, მისი ხუთი თანაგუნდელი და „ლუგოს” პრეზიდენტი ტინო საკესი საშობაო დღესასწაულებზე ჰულას უნივერსიტეტის კლინიკას ესტუმრნენ და ბავშვები მოინახულეს – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.
ეს „ლუგოს“ მიერ ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციაა – კლუბი მხარდასაჭერად სტუმრობს ყველა იმ ბავშვს, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით სადღესასწაულო დღეების საავადმყოფოში გატარება უხდება. ფეხბურთელებმა და კლუბის პრეზიდენტმა პატარა გულშემატკივრები საახალწლო საჩუქრებით გაახარეს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან ერთად, კლინიკას სერხიო ხილი, ხოსე კარლოსი, დონგუ და პაბლო კაჩარონი ეწვივნენ.
აქვე ვიტყვით, რომ შესაძლოა, გიორგი აბურჯანიამ მალე კლუბი შეიცვალოს. ესპანური მედიის ცნობით, „ლუგოს“ ქართველი ნახევარმცველით ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი, ამჟამად სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „მალიორკა“ დაინტერესდა, რომელიც 30 ქულით ლა ლიგა 2-ში მე-8 ადგილზეა, მაგრამ ლიდერ „გრანადას“ მხოლოდ 8 ქულით ჩამორჩება და პრიმერა დივიზიონში დაწინაურების თეორიულ შანსს ინარჩუნებს.
„24 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სატრანსფერო „ფანჯარაში“ ბოლო მოთამაშეა, რომლის მომავალსაც „მალიორკას“ უკავშირებენ. კლუბი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მათ შორის, ვისაც აბურჯანიას გადაბირება სურს და იმასაც ითვალისწინებს, რომ ქართველის სატრანსფერო უფლებები „სევილიას“ ეკუთვნის. აბურჯანიამ „ხიმნასტიკში“ საუკეთესო სეზონი ჩაატარა და იჯარით გადავიდა „ლუგოში“. თუმცა მისი კარიერა შეჩერდა, ბოლო გუნდში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. აბურჯანია ისეთი ნახევარმცველია, რომელიც რაღაცით „მალიორკადან” წასვლის მსურველ დანი როდრიგესს ჩამოჰგავს. ყოველ შემთხვევაში, ბევრს ასე მიაჩნია“ – წერს „futboldesdemallorca.com“-ის ჟურნალისტი ტომეუ მაურა.