აბუ-დაბიში „დელტამ“ ქართული წარმოების სამხედრო შეიარაღება წარმოადგინა
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, გამოფენაზე „აიდექს 2019“, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ეროვნული წარმოების შეიარაღებას წარმოადგენს.
სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენაზე, ქართული წარმოების შეიარაღება საქართველოს ისტორიაში პირველად იქნება წარმოდგენილი.
ქართულ პავილიონზე გამოფენილია ჯავშანტექნიკის, მსუბუქი შეიარაღებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნიმუშები.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და „დელტას“ გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი გუნდთან ერთად გამოფენის პირველ დღეს პარტნიორებს შეხვდნენ და ქართული წარმოების სამხედრო პროდუქციით დაინტერესებული კომპანიებისა და ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
„აიდექსი“ არის ერთადერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამსერვისიანი საერთაშორისო თავდაცვითი მრეწველობის გამოფენა და კონფერენცია ახლო აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში, რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის სექტორის დემონსტრირებას ახდენს. გამოფენაზე მონაწილეობას იღებს თავდაცვითი მრეწველობის მსოფლიოს 1000-ზე მეტი კომპანია. წელს ისტორიაში პირველად, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოც.
აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც სახმელეთო და საავიაციო შეიარაღების სრული სპექტრი, მათ შორის მსუბუქი ჯავშანტექნიკა, ტანკები, საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური და სარაკეტო სისტემები, შვეულმფრენები, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, საბრძოლო მასალები, რეაქტიული და ლულიანი არტილერია, დაზვერვის, ბრძოლის ველის მართვისა და კავშირგაბმულობის სისტემები, რადიოქიმიური დაცვის სისტემები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ცეცხლსასროლი შეიარაღება, ასევე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების სამრეწველო ნედლეულისა და კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.
„აიდექსზე“ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების წარმოდგენა ხელს შეუწყობს ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.