საქსტატის მონაცემებით, აბსოლუტური სიღარიბის დონე 2017 წელს 0,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა
აბსოლუტური სიღარიბის დონე წინა წელთან მიმართებაში 2017 წელს 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21,9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ დღეს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გენდერულ ჭრილში აღნიშნული ინდიკატორი ქალებში 21,6 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 22,4 პროცენტს გაუტოლდა.
რაც შეეხება ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებს, მედიანური მოხმარების 60 და 40 პროცენტის ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2017 წელს გაიზარდა 1,3 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 22,3 და 8,5 პროცენტი შეადგინა.
თოდრაძის თქმით, უთანაბრობის ზრდის ძირითად მიზეზს 2017 წლის განმავლობაში ინფლაციის შედარებით მაღალი დონე წარმოადგენს.