თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სარდაფის რეაბილიტაცია დაასრულა.
დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
„აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. პირველ რიგში, ჩატარდა გამაგრების სამუშაოები, რადგან ფაქტობრივად ინგრეოდა არსებული შენობა. შეუძლებელი იყო სარდაფში ჩასვლა. იყო წყლების პრობლემა, რომელიც აზიანებდა შენობას. დღეს უკვე სარდაფი მოწესრიგებულია და მოწყობილია სადრენაჟე სისტემა. დღესდღეობით მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები და ხორციელდება ფასადის რესტავრაცია. მოგეხსენებათ, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მთელი ძალისხმევა იქითაა მიმართული, რომ ავთენტურობა შენარჩუნდეს. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე სამუშაოები მთლიანად უნდა იყოს დასრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოებს ასევე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე.
რეაბილიტაციის ფარგლებში შენობა გამაგრდა, აღდგა კომუნიკაციები, მოეწყო სადრენაჟე და გათბობის სისტემები, დაიგო ფილები, გაიწმინდა აგურის კედლები, დამონტაჟდა შიდა რკინის კარი და ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები და სართული სრულად ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. ამჟამად მიმდინარეობს ფასადის გაწმენდისა და სარესტავრაციო სამუშაოები.
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია სხვადასხვა უნიკალური კოლექცია, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის კავკასიისა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილების წარმოებასა და გამოყენებაზე ისტორიული, სახელოვნებათმცოდნეო, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური თვალსაზრისით. ქართული კოლექცია თავისი მნიშვნელობით უნიკალურია და მას ანალოგი არ მოეძებნება.
საგულისხმოა გლობალური მნიშვნელობის მქონე აბრეშუმის პარკებისა და ძაფების ნიმუშები. პარკების უმრავლესობა მუზეუმში მე-19 საუკუნის ბოლოს შემოვიდა, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია ბიოლოგიური და იზოტოპური თვალსაზრისით. ერთი მხრივ, ეს კოლექცია ინახავს დადასტურებულ, დათარიღებულ და ლოკალიზებულ, დაუმუშავებელ აბრეშუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მეორე მხრივ, მასში დაცულია ინდუსტრიალიზაციამდელი ჩინეთის, იაპონიის, ცენტრალური აზიის, ოსმალეთისა და დასავლეთ ევროპის მეაბრეშუმეობის ფერმებიდან წამოღებული ადგილობრივი გენეტიკური კოდი.
შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მე-19 საუკუნით თარიღდება და ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშად მიიჩნევა.
პროექტი „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ (AIMF) თანადაფინანსებით ხორციელდება.