აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან ინციდენტის გამო შეზღუდული ჰქონდათ, წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგებათ
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია. მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით, – ამის შესახებ აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც მილსადენში წყლის მაღალი წნევით დატვირთვა განაპირობებს.
„ქსელის შევსების შემდეგ „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები დაიწყებენ აღნიშნული მილსადენისა და მასთან დაკავშირებული ქსელების სრული პერიმეტრის დაკვირვებას და ახალი გადაბმის წერტილების ტექნიკურ მონიტორინგს აღდგენილი მილსადენის წყლის წნევით დატვირთვის მიმართ მდგრადობის შესაფასებლად.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენ სამუშაოებს 17 ივნისიდან 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. სამუშაოების შედეგად დამუშავდა და დატერასდა მეწყრული ფერდი, იდენტიფიცირდა დაზიანებული მონაკვეთების კოორდინატები და განისაზღვრა დაზიანების ხარისხი. მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები, ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები და თითოეული ახალი გადაბმის წერტილის შედუღების ხარისხის ექსპერტიზა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან მომხდარი ინციდენტის გამო ჰქონდათ შეზღუდული, წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგებათ.