აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო.
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, სააპელაციო განაცხადით მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დღეიდან, 6 აგვისტოს 10:00 საათიდან 10 აგვისტოს 18:00 საათამდე.
ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, სააპელაციო განაცხადის მიღებამდე, ყურადღებით გაეცნონ შეფასების კრიტერიუმებს.
როგორც ცენტრში აცხადებენ, აპელაციის დროს ნაშრომები თავიდან სწორდება დამოუკიდებელი კომისიის მიერ. გამოსაცდელებს შესაძლებლობა ექნებათ, გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში, თანხა უკან დაბრუნდება.
„მნიშვნელოვანია, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით აქვთ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე შეახსენებს უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომ დღეს, 6 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება რეგისტრაციის თაობაზე ცენტრისათვის მომართვის ვადა. დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.naec.ge“, – აცხადებენ ცენტრში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. 2021 წელს დამატებითი სესიები დაინიშნა იმ გამოსაცდელებისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა.