ღია კარის დღეები, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებით ონლაინრეჟიმში იმართება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, სპეციალური საინფორმაციო ვიდეორგოლებიც მომზადდა, რომლებითაც სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები რეკომენდაციას უწევენ აბიტურიენტებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ როგორც წინასაგამოცდო პერიოდში, ასევე გამოცდების პროცესში.
აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ.
როდის განახლდება ღია კარის დღეები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია, შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი, მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.