აბეზარი მამრებისგან თავის დასაღწევად, მდედრი ბაყაყები თავს იმკვდარუნებენ — #1tvმეცნიერება
ზოგიერთი ბაყაყის შეჯვარების აგრესიულ ქცევებზე დაკვირვებისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მდედრები ხშირად საკუთარ სიკვდილს თამაშობენ, რათა თავიდან მოიშორონ აბეზარი მამრები.
ახალი კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს უკუაგდებს ტრადიციულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მდედრი ბაყაყები მორჩილად მიჰყვებიან მამრთა სურვილებს შეჯვარების სეზონზე.
„ჩვენი კვლევა მკაფიო მტკიცებულებას გვთავაზობს, რომ მდედრი ბაყაყები, შეჯვარების ყველაზე მრავალწევრიან თავმოყრებშიც კი, სულაც არ არიან ისეთი უმწეოები, როგორც ზოგადად მიიჩნეოდა“, — წერენ მკვლევრები.
ე. წ. ფეთქებადი შეჯვარება ბაყაყებში საკმაოდ გავრცელებული სტრატეგიაა, რომელშიც ყოველ გაზაფხულზე, დიდი ოდენობით ბაყაყი მცირე ხნით ერთად იყრის თავს შესაჯვარებლად. ერთმანეთის მეტოქე მამრი ბაყაყები დაჟინებით ცდილობენ მდედრებთან შეჯვარებას და ამ დროს, ისინი ე. წ. შეჯვარების ბურთებს წარმოქმნიან.
ჩვეულებრივი ევროპული ბაყაყების (Rana temporaria) „შეჯვარების ბურთში“ ხშირად ექვსი მამრი იყრის თავს, რათა ერთ მდედრთან შეჯვარდეს.
შეჯვარების ასეთი სეზონის მოახლოებისას, როგორც ჩანს, ბაყაყებს ერთმანეთის გაცნობის დროც არ რჩებათ.
მდედრი ბაყაყებისთვის ეს პროცესი შეიძლება დამღლელი და სიცოცხლისთვის საშიშიც კი აღმოჩნდეს. როდესაც მათ გარშემო შეჯვარების ბურთი წარმოიქმნება, მდედრები არასასურველ მამრებს თავს ვერ აღწევენ და ამ ბრძოლაში ისინი შეიძლება დაიხრჩონ კიდეც.
საბედნიეროდ, მდედრ ჩვეულებრივ ევროპულ ბაყაყებს გარკვეული თავდაცვაც აქვთ, რაც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს.
გერმანიის ლაიბნიცის ევოლუციისა და ბიომრავალფეროვნების მეცნიერებათა ინსტიტუტის ეკოლოგმა კაროლინ დიტრიხმა და ჰერპეტოლოგმა მარკ-ოლივერ როდელმა ამ სახეობაზე ექსპერიმენტები ჩაატარეს, რათა შეემოწმებინათ, ჰქონდათ თუ არა მამრებს მდედრების სხეულის რაიმე კონკრეტული ფავორიტი ზომა.
რაიმე ფავორიტი ზომა მათ ვერ იპოვეს, მაგრამ მდედრებში შენიშნეს თავიდან აცილების ქცევები და მისი უფრო დეტალურად შესწავლა გადაწყვიტეს.
„შევნიშნეთ მდედრებში თავიდან აცილების სამი ქცევა, კერძოდ „ბრუნვა“, თავიდან დაღწევის ხმები და ტონური უმოძრაობა (თავის მომკვდარუნება)“, — წერენ ავტორები.
საერთო ჯამში, შეწყვილების მცდელობისას, მამრებმა 54 მდედრი დაიჭირეს. ის მდედრები, რომლებიც მამრების აცილების ქცევებს ავლენდნენ, ხშირად რამდენიმე ასეთ მეთოდს მიმართავდნენ.
პოპულარული მეთოდი, რომელსაც მამრებით გარშემორტყმულ მდედრთა 83 პროცენტი იყენებდა, იყო სხეულის ტრიალი. მკვლევართა განცხადებით, ეს შეიძლება იმის შემოწმების მცდელობა იყოს, რამდენად ძლიერები და გამძლეები არიან მამრები, ანდაც მამრების დახრჩობის მცდელობა.
მდედრ ბაყაყთა თითქმის ნახევარი, 48 პროცენტი მიმართავდა ყიყინს, მატყუარა სტრატეგიას, რომლითაც მამრ ბაყაყებს ჰბაძავენ, რათა ისინი მოატყუონ და შეეშვან.
33-მა პროცენტმა მამრების თავიდან აცილება სიკვდილის გათამაშებით სცადა. მეცნიერული თვალსაზრისით, ისინი ტონურ უძრაობას ავლენდნენ, კიდურებს შლიდნენ, აშეშებდნენ და არ რეაგირებდნენ მამრების მხრიდან ყურადღებაზე.
საბოლოოდ, მამრებისგან თავის დაღწევა 25-მა მდედრმა ბაყაყმა შეძლო. წარმატებას უფრო ხშირად პატარა ტანის მდედრები აღწევდნენ.
კვლევა ახალი სინათლეს ჰფენს ჩვეულებრივი ბაყაყების რეპროდუქციულ სტრატეგიებს და ბაყაყის სხვა სახეობებს, რომლებიც ერთნაირ სტრატეგიებს იყენებენ.
„ტონური უძრაობა მდედრისთვის შეიძლება ვარიანტი იყოს, ვიდრე ბრძოლა, რადგან შეჯვარების მსურველთა დიდ ჯგუფში ნებისმიერი მოძრაობა ახლოს მყოფ მამრთა დამატებით ყურადღებას იქცევს და შესაბამისად, ზრდის შეჯვარების ბურთის წარმოქმნის ალბათობას“, — წერენ დიტრიხი და როდელი.
მკვლევართა განცხადებით, ასეთი ექსპერიმენტი შეიძლება სულაც ნიშნავდეს იმას, რომ ასეთი ქცევები ველურ ბუნებაშიც ხდება.
ამ ყველაფრის უკეთესად შესწავლა, მეცნიერებს კონსერვაციის უკეთესი გზების შემუშავებაში დაეხმარება, რადგან უახლესი მოხსენების მიხედვით, მრავალი ამფიბია საფრთხის ქვეშაა.
კვლევა Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.