აბდულმანაპ ნურმაგომედოვს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა - ხაბიბის მამა კომიდან გამოვიდა
დღეს, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა, კომატოზურ მდგომარეობაში, მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სპეციალური რეისით, დაღესტნიდან გადაიყვანეს. რუსული მედიის, კერძოდ კი „არ-ტი სპორტ”-ის (RT Sport) ინფორმაციით, აბდულმანაპ ნურმაგომედოვს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად ის თავს უკეთ გრძნობს.
ექიმების განცხადებით 57 წლის აბდულმანაპის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სტაბილურია. აღნიშნული ინფორმაცია მედიას ნურმაგომედოვების ოჯახის ახლობელმა რამაზან რაბადანოვმა მიაწოდა.
„ცოტა ხნის წინ აბდულმანაპი გონს მოვიდა. ჯერჯერობით მას არ დაულაპარაკია. გუშინ ის კომაში იყო გულზე გადატანილი ოპერაციას შემდეგ,”- განაცხადა რაბადანოვმა „360 ტვ”-სთან საუბრისას.
ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა აპრილში შეუძლოდ გახდა და მახაჩკალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ აბდულმანაპს პნევმონია დაუდგინეს.
57 წლის აბდულმანაპი მედიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მისი მონახულება ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ჯერჯერობით აკრძალული აქვთ.