აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი - ნარკოტიკებით გარდაცვლილთა საეკლესიო წესით დაკრძალვის საკითხი სინოდმა თემის აქტუალურობის გამო განიხილა
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი - ნარკოტიკებით გარდაცვლილთა საეკლესიო წესით დაკრძალვის საკითხი სინოდმა თემის აქტუალურობის გამო განიხილა

ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ გარდაცვლილთა საეკლესიო წესით დაკრძალვის საკითხი სინოდმა თემის აქტუალურობიდან გამომდინარე განიხილა, – ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა განაცხადა. მან სინოდის სხდომის გუშინდელი გადაწყვეტილება განმარტა.

მისი თქმით, სჯულის კანონი წესის აგებას სიმთვრალის გამო გარდაცვალების შემთხვევაშიც კი კრძალავს.

ალავერდელი მიტროპოლიტის განმარტებით, სპეციალური კომისია სხვადასხვა ინდივიდუალური შემთხვევის საფუძველზე იმსჯელებს და სინოდის მომავალი სხდომისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ დებულებას წარმოადგენს.

„ეს საკითხი წარმოიშვა და იყო სამსჯელო. რადგან ასეა საეკლესიო პრაქტიკაში, სჯულის კანონით, არათუ ნარკოტიკით, სიმთვრალის დროსაც გარდაცვლილის, მოუნათლავის შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, სჯულის კანონში არ წერია ნარკოტიკზე, მაგრამ ვხელმძღვანელობთ ადრინდელი, იმ დროის შესაბამისი აკრძალვებით.

საკითხი, რომელიც შეიძლება იწვევდეს აზრთა სხვადასხვაობას, აუცილებლად არის ჩამოსაყალიბებელი, გარკვეულწილად არის გასაწერი რჩევა-რეკომენდაციები, სხვადასხვა შემთხვევის ანალიზის საფუძველზე მიღებული, შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად სასულიერო პირთათვის და ერის ადამიანებისთვის სახელმძღვანელოსავით, რომელმაც ყველა შესაძლო შემთხვევა უნდა განიხილოს და მისცეს ნებადართულობა, ამა თუ იმ შემთხვევაში როგორ იმოქმედოს ჭირისუფალმა და როგორ იმოქმედოს სასულიერო პირმა” – განაცხადა აბბა დავითმა.

ალავერდელი მიტროპოლიტის თქმით, აუცილებელია ცალკეული შემთხვევების გულდასმით გამოძიება, რათა ეკლესიამ ანალიზის საფუძველზე სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

„გამოდის, რომ ადამიანი თავად ირჩევს, მიუხედავად უკვე მისთვის ნაცნობი შედეგისა, ამ ნაბიჯს დგამს და როგორც ჩანს, ან ბოლომდე ვერ იაზრებს, რა საფრთხის წინაშე აყენებს უკვდავ სულს და თავის სიცოცხლეს, ან უბრალოდ იცის და მაინც ჯიუტად დგამს ამ ნაბიჯს. ეს ყველა შემთხვევა არის ძალიან გულდასმით გამოსაძიებელი, რომ ყველაზე კრიტიკული შემთხვევების ანალიზის საფუძველზე, ეკლესიამ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ალავერდელმა მიტროპოლიტმა.

ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით  უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის ოქმშია აღნიშული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

წმინდა სინოდის წევრები მიიჩნევენ, რომ „კანაფის დამზადების ნებართვა ფაქტობრივად ნარკო-ვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს“.