მეხანძრე-მაშველებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, არც ერთი მათგანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია დაბა აბასთუმანში გაუჩინარებული ტურისტული ჯგუფის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, შვიდი ახალგაზრდა მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.
ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.