აბაშაში მესამე დღეა, ქსელის დაზიანებით გამოწვეული აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ აბაშასა და მიმდებარე სოფლებს წყლის მიწოდების აღსადგენად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
როგორც გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, მესამე დღეა, სამუშაო პროცესში კომპანიის ტექნიკურ და საავარიო ჯგუფებთან ერთად ჩართულია შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა რეგიონებიდან.
აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია, რის გამოც, აბაშასა და მიმდებარე სოფლებს – მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება შეუწყდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ინტენსიური სამუშაოების პარალელურად, მოსახლეობისთვის წყალმზიდების საშუალებით წყლის მიწოდება გაგრძელდება წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე.