A კატეგორიის ტაქსის მფლობელები პირველი ნოემბრიდან ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ
A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს, პირველი ნოემბრიდან ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერის მიღება შეეძლებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მძღოლები მერიისგან მიიღებენ შეტყობინებას, თუ რომელ სერვისცენტრს მიმართონ მომსახურებისთვის.
„მინდა, ერთი სიახლე შევატყობინო ტაქსის მფლობელებს, რომლებიც A კატეგორიით ჩაერთვნენ მომსახურების მიწოდებაში. პირველი ნოემბრიდან, მათ შეეძლებათ, მიიღონ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი, რომელსაც მერია კონკურსში გამარჯვებულ კერძო კომპანიასთან ერთად სთავაზობს A კატეგორიის ტაქსებს. ვაუჩერების დარიგების პირველი ეტაპისგან განსხვავებით, მძღოლებს არ დასჭირდებათ ვაუჩერის მიღება რაიმე მისამართზე. ჩვენ მათ შევატყობინებთ, რომელ სერვისცენტრებში იქნება ეს მომსახურება და პირდაპირ შეძლებენ მისვლას“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ავტომფლობელს, რომელიც ამ ვაუჩერით ისარგებლებს, გადაეცემა 20%-იანი ფასდაკლების ბარათი სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მომსახურების ერთ-ერთ ქსელში.
„ეს შეთავაზება და ფასდაკლების ბარათი უშუალოდ ჩვენს კონკურსში გამარჯვებული კომპანიისაა. აღნიშნულზე მერია არ გასწევს ხარჯს ბიუჯეტიდან. პირველ ეტაპზე, როდესაც ჩვენ ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერები დავაანონსეთ, ძალიან დაბალი იყო აქტივობა და პრაქტიკულად, არც მომხდარა მათი გამოყენება, ამიტომ გადავწყვიტეთ მეორე ეტაპი შეგვეთავაზებინა მძღოლებისთვის. ჩვენი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ტაქსის მომსახურება იყოს სარგებლიანი და კომფორტული როგორც ტაქსის მძღოლებისთვის, ასევე მათი მომხმარებლებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსების რეფორმა საკმაოდ დადებითი და შედეგიანი გამოდგა.
„მეორე ეტაპი, როგორც ყველამ ნახეთ, ითვალისწინებს თეთრ ფერს და მანათობლის სტანდარტს, რომელიც მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს დაურიგა. 8 000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება უკვე ჩართულია მომსახურების მიწოდებაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძე ასევე შეეხო ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპსაც, რომლის შესახებ ინფორმაციაც, მისივე განმარტებით, საზოგადოებას ახლო მომავალში წარედგინება.
მისი განცხადებით, რეფორმის თითოეული ეტაპი როგორც უსაფრთხოებას, ისე მომსახურების ხარისხს უკავშირდება.
„მნიშვნელოვანია, რომ იქნება რეფორმის მესამე ეტაპი, რომელსაც ახლო მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, რეფორმის თითოეული ეტაპი უკავშირდება როგორც უსაფრთხოებას, ასევე მომსახურების ხარისხს, ტაქსის ბაზარზე სტაბილური ეკონომიკური პირობების შექმნას და ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.