A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, მგზავრის აყვანისა და გადმოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გაჩერების უფლება ექნებათ
თბილისის მერიას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის განსაზღვრული რეგულაციები ზაფხულის ბოლოსთვის ექნება მზად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტაქსით მომსახურების გამწევ პირებთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.
„ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით შიდა სამუშაოები სრულდება. ასევე, ტაქსის მომსახურების გამწევი პირებისგან ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ და ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით. მესამე ეტაპის ამოქმედებისთვის მზად ვიქნებით ზაფხულის ბოლოსთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, მესამე ეტაპისთვის ტაქსის სერვისის გაწევისას, ავტობუსის ზოლში ავტომანქანის გაჩერებისა და მგზავრის აყვანის საკითხი იყოს გათვალისწინებული.
„აქვე მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ მესამე ეტაპისთვის, შეძლებისდაგვარად, გავითვალისწინოთ A კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ მგზავრის აყვანის ან გადმოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გაჩერების საკითხი. უზრუნველვყოთ მისი ლეგალიზება, რათა არ მოხდეს ტაქსის მომსახურების გამწევი პირების დაჯარიმება. ამისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. დაამუშავეთ ეს თემა ისე, რომ პრობლემა არ შეექმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.